ეზეკიელი 23

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2. ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;
ძეო კაცისაო, ორნი დედანი იყვნეს, ასულნი დედისა ერთისანი;

3. გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები.
და განმეძვნეს ეგჳპტეს შინა, სიჭაბუკესა მათსა შინა განმეძვნეს, მუნ დაითხინეს ძუძუნი მათნი და მუნ გარდაიქალწულეს.

4. მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
ხოლო სახელნი მათნი ოოლა-უხუცესი, და ოოლიბა - დაჲ მისი უმრწემესი, და იქმნნეს ჩემდად და შუნეს ძენი და ასულნი და სახელნი მათნი: სამარიაჲ - იოოლა, და იერუსალჱმი იოოლიბა.

5. გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს,
და განმეძვნა იოოლა ჩემგან და მიიქცა ტრფიალთა მიმართ თჳსთა, ასსურასტნელთა მიმართ, მახლობელთა მისთა,

6. ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი.
შემოსილთა იაკინთოვნებითა წინამძღუართა და ლაშქრისმძღუანთა, ჭაბუკნი გამორჩეულნი, ყოველნი ცხენებითა აღცხენოსნებულნი ცხენთა ზედა.

7. გადაყვა მათთან ბოზობას - ყველანი რჩეული აშურელები იყვნენ - და ყველაფრით, ყველა მათი კერპით, რომელთაც გადაეკიდა, გაიუწმიდურა თავი.
და მისცა სიძვაჲ თჳსი მათდამი გამორჩეულთა მიმართ ძეთა ასურასტანელთასა, ყოველთა და ყოველთა, რომელთა მიმართ თვალ-აგნა, ყოვლითა, გულისზრახვითა მისითა შეიგინებოდა.

8. არ მიუტოვებია ბოზობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან წვებოდნენ თავის სიყმაწვილეში; მათ დაუჭყლიტეს ქალწულური ძუძუები და გადმოღვარეს მასზე თავიანთი გარყვნილება.
და სიძვაჲ მისი ვგჳპტითგანი არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა შინა მისსა, და მათ გარდააქალწულეს იგი და გარდაჰფინეს სიძვაჲ მათი მის ზედა.

9. ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა.
ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელებსა ძეთა ასსურასტანელთასა, რომელთა მიმართ თუალ-აგნა.

10. მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას.
მათ გამოაცხადეს სირცხჳლი მისი, ძენი და ასულნი მისნი მიიხუნეს, და იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა სასიტყუელ დედათა შორის და შურისგებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.

11. ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.
და იხილა დამან მისმან, ოოლიბა, და განხრწნა მან ზედდართვაჲ თჳსი უფროს მისსა, და სიძვაჲ მისი უფროს სიძვისა დისა მისისასა.

12. აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
განამრავლა ძეთა მიმართ ასურასტანელთასა, ზედდაერთო წინამძღუართა და ლაშქრიმძღუართა მოახლეთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, ცხენებით აღცხენოსნებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკთა გამორჩეულთა ყოველთა.

13. დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ;
და ვიხილე მე, ვითარმედ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი არს ორთაჲვე.

14. უმატა თავის ბოზობას: დაინახა კედელზე დახატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, ფერებით დახატული,
და შესძინა სიძვასა მისსა ზედა, და იხილნა კაცნი, გამოხატულნი ზღუდესა ზედა, ხატნი ქალდეველთანი. გამოხატულნი დაწერით,

15. წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;
მორტყმულნი ჭრელებითა წელთა ზედა მათთა და ტიარები ღებულები თავთა ზედა მათთა, შესახედავად სამთხზული ყოველთაჲ მსგავსად ძეთა ბაბილოვნელთაჲსა, ქალდეველთა ქუეყანისა, მამულისა მათისა.

16. ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
და ზედდაჰრთო მათ ზედა მიხედვაჲ თუალთა მისთაჲ და მიავლინნა ქადაგნი მათდა მიმართ ქალდეად.

17. მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე.
და მოვიდეს მისდამი ძენი ბაბილოვნელთანი საწოლად მედგურთა და, შეაგინებდეს მას სიძვისა მიერ მისისა. და შეიბილწა მათ თანა, და განდგა სული მისი მათგან,

18. როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი.
და გამოაცხადა სიძვაჲ მისი, და გამოაცხადა უშუერებაჲ მისი და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარსახედ განეშორა დისაგან მისისა.

19. გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა.
და განმრავლდა სიძვაჲ შენი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა შინა სიძევდ ეგჳპტეს შინა.

20. მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი.
და ზედდაერთე ქალდეველთა მიმართ, რომელთა ჴორცნი იყვნეს, ვითარცა ვირთა ჴორცნი, და ქუქუნი ცხენთანი - ქუქუნი მათნი.

21. ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა.
და მიჰხედე უსჯულოებათა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა იქმოდე ეგჳპტეს შინა, სადგურსა შორის შენსა, სადა ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაცჳვეს.

22. ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან;
ამისთჳს, ოოლიბა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე აღვადგინნე ტრფიალნი შენნი შენ ზედა, რომელთაგან განდგა სული შენი მათგან და მოვხადნე შენ ზედა გარემოს.

23. ბაბილონელებს, ყველა ქალდეველს, ფეკოდს და შოაყს და კოაყს, ყველა აშურელს მათთან ერთად, ნანატრ ჭაბუკებს, ყველა სარდალს და მეფისნაცავლს, მხედართმთავრებს და წოდებულ ხალხს, ყველა ცხენოსანს.
ძენი ბაბილოვნისანი და ყოველნი ქალდეველნი ფაკუთ, და სუდ, და კუდ, და ყოველნი ძენი ასსურასტანელთანი მათ თანა, ჭაბუკნი რჩეულნი, წინამძღუარნი და ლაშქრისმძღუარნი, ყოველნი მსამობნი სამწილნი და სახელოვანნი ცხენოსანნი, ცხენთა ზედა.

24. შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან.
და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ჩრდილოჲთ ჯაჭუ-ჭურთა თანა და საჭურველთა და ეტლისთუალთა და სიმრავლეთა ერთასა, და ფარები, და ჩელთები და ჩაფხუტები გარემოიდვან შენ ზედა; და მოგადგან შენ ზედა მცველი გარემო და მივსცე წინაშე პირსა მათსა მშჯავრი და შური იძიონ შენგან მშჯავრთა მიერ მათთა.

25. მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ისინი: ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენები კი მახვილით დაეცემიან; წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ.
და მივსცე შური ჩემი შენ ზედა და ჰყოფდენ შენ თანა რისხვითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მიგიხუნენ, დაშთომილნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, თჳთ იგი ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ და ნეშტნი შენნი ცეცხლმან შეჭამნეს.

26. შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ.
და განგძარცონ შესამოსელი შენი და წარიხუნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი;

27. ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.
და მივაქცინე უთნოობანი შენნი შენგან და სიძვაჲ შენი ქუეყანისა ეგჳპტისაგან, და არა აღიხუნე თუალნი შენნი მათდამი, და ეგჳპტისაჲ არღა მოიჴსენო მერმე

28. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
მით, რამვთუ, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე განგცემ შენ ჴელებსა, რომელნი გძულან რომელთაგან განდგა სული შენი მათგან.

29. სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.
და ყონ შენ თანა სიძულილით და მიიხუნენ ყოველნი ნაშრომნი შენნი და ნარუდუნებნი შენნი, და იყო შიშუელი და უშუერი, და გამოცხადნეს სირცხჳლი სიძვისა შენისა და უთნოობისა შენისაჲ; სიძვამან შენმან

30. ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.
გიყვნა შენ ესენი განმეძვებითა უკუანაგან წარმართთასა, და შეიგინებოდე გულისზრახვათა შინა მათთა.

... და კიდევ 19 მუხლი