ესაია 15

1. მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.
სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.

2. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.

3. ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან.
უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.

4. კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული.
რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.

5. ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე.
გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.

6. რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი, განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის.
წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.

7. ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს.
ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,

8. დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს.
რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,

9. რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს!
რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა.