ესაია 12

1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.

2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.

3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა.

4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.

5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა.

6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.