დანიელი 3

1. გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი.
წელთა რვადაათთა ნაბუქოდონოსორ მეფემან ქმნა ხატი ოქროსაჲ, სიმაღლე მისი წყრთათა სამოცთა და სივრცე მისი წყრთათა ექუსთა. და აღდგა იგი ველსა შორის დეირასა, სოფელსა შინა ბაბილონსა.

2. ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის კურთხევაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
და ნაბუქოდონოსორ მეფემან წარავლინა შეკრებად ყოველთა მის ქუეშეთა, და სატრაპეზთა, და ადგილისმთავართა, წინამძღვართა მძლავრთა, და ჴელმწიფებათზედათა და ყოველთა მთავართა სოფელთასა მოსლვად ენკენიათა ხატისათა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

3. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
და შეკრბეს ადგილისმთავარნი, ჳპატოსნი, სპასპეტნი, წინამძღუარნი დიდნი, ჴელმწიფებათზედანი, ყოველნი მთავარნი სოფელთანი მოსლვად ენკენიობასა ხატისასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან, და დგეს წინაშე ხატისა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ.

4. მაშინ მაწვევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ!
და ქადაგი ჴმობდა ძლიერებისა თანა: თქუენ გეტყჳ, ნათესავთა, ერთა, ტომთა, ენათა,

5. როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
რომელსაცა ჟამსა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმონისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომთა თაყვანის-ეცით ხატსა ოქროსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან.

6. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული.
და რომელმანცა არა თაყუანის-სცეს, მასვე ჟამსა შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

7. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხმა გაიგონა საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.
და იყო, ოდეს ესმოდის ერთა ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა, და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დამრდომნი ერნი, ტომნი, ენანი თაყვანის-სცემდეს ხატსა ოქროჲსასა, რომელი აღდგა ნაბუქოდონოსორ მეფემან წინაშე ამისსა.

8. ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება.
მაშინ მოუჴდეს მამრნი ქალდეველნი და შეასმენდეს იუდეანთა, და მიმგებელთა ჰრქუეს მეფესა ნაბუქოდონოსორს:

9. უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
მეფეჲ საუკუნეთადმი ცოცხლებდინ!

10. მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებდა, უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი;
შენ, მეფე, დასდევ რწმენაჲ: ყოველმან კაცმან, რომელმანცა ისმინოს ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა,

11. ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ცეცხლით გახურებულ ღუმელში უნდა ჩაგდებულიყო.
დავარდეს და თაყუანი-სცეს ხატსა ოქროჲსასა; და რომელმან უკეთუ არდავრდომილმან თაყუანი-სცეს, შევარდეს საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა აგზებულისა.

12. მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.
არიან უკუე მამრნი იუდეანნი, რომელნი დაადგინენ საქმეთა ზედა სოფლისა ბაბილონისათა: სედრაკ, მისაკ, აბედნაქო; მათ მამრთა არა უსმინეს რწმენასა შენსა და ღმერთთა შენთა არმკუთველ არიან და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-სცემენ.

13. მაშინ ბრაზითა და რისხვით ანთებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები.
მაშინ ნაბუქოდონოსორ გულისწყრომისა თანა და რისხვისა თქუა მოყვანებად სედრაკ, მისაკ და აბედნაქოსი; და მამრნი იგი მოიყვანნეს წინაშე მეფისა.

14. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?
და მიუგო ნაბუქოდონოსორ და ჰრქუა მათ: უკუეთუ ჭეშმარიტად, სედრაკ, მისაკ და ავდენაღო, ღმერთთა ჩემთა არამკუთნველ ხართ და ხატსა ოქროსასა, რომელი აღვსდგი, არ თაყუანის-სცემთ?

15. ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?
აწ უკუე, უკეთუ გაქუსყე მზად, რაჲთა, ვითარცა გესმასყე ჴმისა საყჳრისა, სასტჳნველისა, და ქნარისა, სამვიკისა, და საფსალმუნისა, და თანმეჴმეობისა და ყოვლისა ნათესავისა მუსიკთაჲსა, დავრდომილთა თაყუანი-სცეთ ხატსა, რომელი შევქმენ. ხოლო უკუეთუ არ თაყუანის-სცეთ, მასვე ჟამსა შესცჳვეთ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა. და ვინ არს ღმერთი, რომელმან განგარინნეს თქუენ ჴელთაგან ჩემთა?

16. შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა.
და მიუგეს სედრაკ, მისაკ და ავდენაგო, მეტყუელთა, მეფესა ნაბუქოდონოსორსა: არა საჴმარად მაქუს ჩუენ სიტყჳსა ამისთჳს მიგებად შენდა,

17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!
რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.

18. ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი.
და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.

19. მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.
მაშინ ნაბუქოდონოსორ აღივსო გულისწყრომითა და შესახედავი პირისა მისისა იცვალა სედრახს ზედა, მისაქს, ავდენაქოს, და თქუა აღგზნებად საჴმილი შჳდწილად, ვიდრე არა სრულიად აღატყდეს,

20. უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
და მამრთა, ძლიერთა ძალითა, ჰრქუა, შემკრველთა სედრახ, მისახ, ავდენაღოჲსთა, შეთხევაჲ საჴმილისა მიმართ ცეცხლისაჲსა მგზებარისა.

21. მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.
მაშინ მამრნი იგი შეიკრნეს სარავარებისა თანა მათისა, და ტიარებისა, და პერიკნიმებისა და შესამოსლებისა მათისა. და შევარდეს შორის საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა,

22. რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.
ვინათგან სიტყუა მეფისა უფროს განძლიერდა და საჴმილი აღეტყინა შჳდწილ უმეტეს.

23. ხოლო ეს სამნი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.
და კაცთა მათ შემასმენელთა სედრაქ მისაქ, ავდენაქოჲსთა მოსწყუედდა მათ ალი ცეცხლისაჲ გარემოს და მამრნი იგი, სედრაქ, მისაქ და აბედნაქო, შეცჳვეს საშუალ საჴმილისა ცეცხლისაჲსა მგზებარისა შეკრულნი.

25. წამოიმართა ყაზარია, ილოცა შუა ცეცხლში, გახსნა პირი და წარმოთქვა:
და წარდგომილმან შორის მათსა აზარია ილოცა ესრეთ, და აღმაღებელმან პირისა თჳსისამან შორის ცეცხლისა თქუა:

26. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებულია სახელი შენი უკუნისამდე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი,

27. რადგან ყველაფერში მართალი ხარ, რაც კი რამ ჩვენთვის გაგიკეთებია; ჭეშმარიტია ყოველი შენი საქმე, სწორია შენი გზები, ჭეშმარიტია შენი სამართალნი;
რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ, და წრფელ გზანი შენნი და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.

28. შენ ყველაფერში ჭეშმარიტი სამართალნი აღასრულე ჩვენზე და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქზე - იერუსალიმზე, რადგან ჭეშმარიტებისა და სამართლის მიხედვით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო;
და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს,

29. რადგან ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს;
რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდვთ ყოველთაგან,

30. არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა.
და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა.

31. ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვამთხვიე და ყველაფერი, რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით მოგვიზღე;
და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.

... და კიდევ 69 მუხლი