1. იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი.
და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ.
2. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში.
და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ,
3. მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს.
და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა სჯულისაებრ მოსესისა.
4. იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო.
და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა.
5. ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს.
და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.
6. ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი.
ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი.
7. შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში.
და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა,
8. ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ.
და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა.
9. შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი.
და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა.
10. ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს.
და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს ურთიერთას ლმობა მათი,
11. რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ.
რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი.
12. ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი.
და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა:
13. ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ.
წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას.
14. უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას.
და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ პოვნა მისი.
15. როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო.
და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა შინა, რამეთუ სიცხე იყო.
16. იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ.
და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი.
17. უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო.
და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო.
18. ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ; უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ.
და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ მოხუცებულნი.
19. როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან მიირბინა.
და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა და ჰრქუეს:
20. უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან.
აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა;
21. თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები.
ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ ქალნი შენგან.
22. ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ: რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ დავუსხლტები თქვენს ხელს.
და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.
23. მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო.
უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა.
24. დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის წინააღმდეგ.
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა წინააღმდგომად მისსა.
25. ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო.
და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი.
26. როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას.
ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა.
27. და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა.
ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად, რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე,
28. მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი; მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის.
ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი, სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა.
29. თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს.
და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს.
30. მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები, და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა.
და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი.
... და კიდევ 34 მუხლი