მოციქულთა საქმენი 10

1. კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი,
კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე,

2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი.
კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის.

3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს!
იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე!

4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა.

5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე.
და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე.

6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას.
ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა.

7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს,
და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,

8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.
და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ.

9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი.
და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,

10. მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი.
რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ,

11. და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას.
და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად,

12. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი.

13. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.
და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე.

14. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა.

15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.

16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.
ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.

17. ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ.
და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა.

18. დაიძახეს და იკითხეს: აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე?
და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა?

19. ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აი, სამი კაცი დაგეძებს.
ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა-ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ;

20. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.
არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი.

21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ?
გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?

22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.
ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა.

23. მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა.
ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.

24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა.
და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი.

25. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას.

26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ.
ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ.

27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული.
და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.

28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.
და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.

29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?
ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე.

30. კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი,
ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა

... და კიდევ 18 მუხლი