მსაჯულნი 20

1. გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
და გამოვიდეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, და გამოკრბა კრებული, ვითარცა კაცი ერთი დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე და ქუეყანაჲ იგი გლაადისაჲ, და მოვიდეს უფლისა მასეფად.

2. გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები.
და დადგეს ადგილსა ერთსა ყოველივე ერი და ყოველნივე ტომნი ისრაჱლისანი კრებული ღმრთისაჲ ოთხას ათასი კაცი მკჳრცხლი მახჳლოსანი.

3. შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?
და ესმა ძეთა ბენიამენისთა, რამეთუ აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი მასეფად და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: გჳთხარ, სადა იქმნა ბოროტი ესე საქმე?

4. უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
მიუგო კაცმან მან ლევიტელმან, ქმარმან მის დედაკაცისა მოკლულისამან, და თქუა: მოვედ მე და ხარჭი ჩემი

5. აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
გაბაად ბენიამენისა დადგომად. და აღდგეს ჩემ ზედა კაცნი იგი გაბაჲსანი და გარემომადგეს მე სახლსა მას ღამე, ჩემი უნდა მოკლვაჲ და ცოლი ჩემი დაამდაბლეს, მოკიცხეს და მოკუდა.

6. წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში.
და შებმა-უყავ და განვყავ ასოდ-ასოდ და მიუძღუანე იგი ყოველთა საზღუართა სამკჳდრებელისა ისრაჱლისათა, რამეთუ ქმნეს უგნურებაჲ ესე ისრაჱლსა შორის.

7. აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
აჰა ესერა, აქა ხართ ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, ყავთ მათთჳს სიტყუაჲ და ზრახვაჲ.

8. ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ.
და აღდგა ყოველი იგი ერი, ვითარცა კაცი ერთი, და თქუეს: არა წარვიდეთ კაცი საყოფლად თჳსა, და არცა მივიქციოთ კაცმან სახიდ თჳსა.

9. აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე.
და აწ ესე სიტყუაჲ ვყოთ, გაბაასა ზედა მიუჴდეთ მას წილის-გდებით.

10. ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში.
და მოვიყვანოთ ათი კაცი ასმან და ასი ათასმან და ათასი ბევრმან, რათა მოართუან საზრდელი ერსა აღსრულებად, რომელნი-იგი შევიდენ გაბაად ბენიამენისა ყოვლისავე მისთჳს უგნურებისა, რომელ ქმნეს ისრაჱლსა შორის.

11. ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.
და შეკრბა ყოველი ვრი ისრაჱლისაჲ ქალაქად, ვითარცა კაცი ერთი, რომელნი-იგი მოვიდეს ქალაქებისაგან.

12. გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში.
და მიავლინნეს ტომთა ისრაჱლთა ძეთა მიმართ ბენიამენისთა და ჰრქუეს: რაჲ არს უკეთურებაჲ ესე, რომელი იქმნა თქუენ შორის?

13. ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა.
და აწ მოგუცენით ჩუენ კაცნი იგი უღმრთონი გაბაჲსანი, და მოვწყჳდნეთ, იგინი და აღვიღოთ უკეთურებაჲ იგი ისრაჱლისაგან! და არა ინებეს ძეთა ბენიამენისთა სმენად ჴმისა ძმათა მათთა ძეთა ისრაჱლისათა.

14. გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის.
და შეკრბეს ძენი ბენიამენისნი ქალაქთა მათგან გაბაად განსლვად და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.

15. აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.
და აღიხილნეს თუალნი თჳსნი ძეთა ბენიამენისთა მას დღესა შინა, რომელნი მოსრულ იყუნეს ქალაქებისაგან. და იყუნეს ოცდახუთი ათას კაცნი მახჳლოსანნი გარეშე მკჳდრთა გაბაჲსათა.

16. მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.
რომელნი აღირაცხნეს; და იყვნეს შჳდას კაცნი რჩეულნი ყოვლისაგან ერისა ორითავე მარჯუენი ყოველი. ყიველნივე ესე მეშურდულენი, რომელნი ესროდეს ქვითა თმასა და არა შესცოდებდეს.

17. ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო.
და აღიხილეს ყოველი კაცი ისრაჱლისაჲ თჳნიერ ძეთა ბენიამენისთა. და იყუნეს ოთხას ათას კაცნი მახჳლოსანნი, ყოველნივე კაცნი მბრძოლნი.

18. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.
და აღდგეს და აღვიდეს ბეთლემდ და იკითხეს ღმრთისა მიერ და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ აღვიდეს წინამძღურად ჩუენდა და ბრძოლად ძეთა ბენიამენისთა? და თქუა უფალმან: იუდა აღვიდეს მთავრად.

19. დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ.
და აღდგეს ძენი ისრაჱლისანი განთიად და დაიბანაკეს გაბაასა თანა.

20. გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს.
და განვიდა კაცი ისრაჱლისაჲ ბრძოლად ბენიამენისა და ეწყო კაცი ისრაჱლისა ბრძოლად გაბაასა.

21. გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
და გამოვიდეს შენი ბენიამენისნი ქალაქით და მოსრეს ისრაჱლისაგანი მას დღესა შინა ოცდაორი ათასი კაცი ადგილობანს.

22. მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა.
და განძლიერდეს ძენი ისრაჱლისანი და შესძინეს წყობად ბრძოლისა ადგილსავე მას, სადაცა-იგი ეწყვნეს დღესა მას პირველსა.

23. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე.
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და ტიროდეს წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე. და მერმე იკითხეს უფლისა მიერ და რქუეს: უკუეთუ შევსძინოთ მიახლებად და ბრძოლად ბენიამენისა, ძმისა ჩუენისა? და ჰრქუა უფალმან: აღვედით მისა!

24. კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს.
და მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი ძეთა ბენიამენისთა დღესა მეორესა.

25. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები.
და გამოუჴდა ბენიამენი გაბაჲთ წყობად მათა დღესა მეორესა და დასხეს ერისაგანი ისრაჱლისაჲ ათურამეტი ათასი კაცი ადგილობანს ყოველნივე, რომელთა ეჴადა მახჳლი.

26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.
და აღმოვიდეს ყოველნივე ძენი ისრაჱლისანი და ყოველი იგი ერი, და მოვიდეს იგინი ბეთლემდ და ტიროდეს წინაშე უფლისა, და იმარხეს მას დღესა შინა და შეწირეს მსხუერპლი ცხორებისაჲ.

27. ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა,
და მუნ იყო კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისაჲ მათ დღეთა შინა.

28. და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.
და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა აჰრონისი, დგა იგი წინაშე მისა მათ დღეთა შინა. და იკითხეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიერ და თქუეს: უკუეთუ შე-ღა-ვსძინოთ მერმე განსლვად და ბრძოლად ბენიამენის თანა, ძმისა ჩუენისა, გინა თუ დავაცადოთ? და ჰრქუა უფალმან: ხვალე მოგცნე იგინი ჴელთა თქუენთა!

29. ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ.
და ყუეს ძეთა ისრაჱლისათა მზირი გარემოჲს გაბაასა.

30. გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ.
და აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ბენიამენისა დღესა მას მესამესა და განეწყვნეს წინაშე გაბასა, ვითარცა-იგი პირველ და მეორედ.

... და კიდევ 18 მუხლი