სახარება მათესაგან 26

1. და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

2. თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?

3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა

4. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.
და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.

5. მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.

6. ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში,
ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,

7. მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს.
მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.

8. ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა?
ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?

9. ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა.

10. მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.

11. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

12. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა.
რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო.

13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.

14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან
მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ

15. და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.
და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი.

16. და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.
და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.

17. ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?

18. მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით: მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით.

19. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.
და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

20. და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.

21. ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.

22. ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?
და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?

23. ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.

24. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.

25. მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი.
მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.

26. და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი.

27. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა:

28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.

29. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.

30. იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

... და კიდევ 45 მუხლი