1. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.
დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა. ქადაგეთ მთასა შორის წმიდასა ჩემსა და შეიძინედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა, რამეთუ წარმოდგა დღე უფლისა, და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.
2. დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს.
რამეთუ ახლოს არს დღე ბნელისა და ალმურისა. დღე ღრუბლისა და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი, მოეფინოს მთათა ზედა, ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იქმნა საუკუნითგან და შემდგომად მისსა, არა შეიძინოს ვიდრე წელიწადთამდე ნათესავთა მიმართ ნათესავთასა, და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,
3. მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი უდაბნოა, ვერავინ დააღწევს თავს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს.
წინაშეთა მისთა ცეცხლი განმლეველი და უკანათა მისთა აღმაგზებელი ალი, ვითარცა სამოთხე საშვებელისა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა და უკანანი მისნი ველი უჩინოქმნისაჲ, და განრომილი არა იყოს მისსა, და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.
4. ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.
ვითარცა ხილვაჲ ცხენთაჲ, ხილვაჲ მათი. და ვითარცა მჴედარნი, ეგრეთ სდევდენ, მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.
5. ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის შთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
ვითარცა ჴმა ეტლებისა, თხემებსა ზედა მთათასა ვლდებოდიან და ვითარცა ჴმა ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შესჭამნ ლერწამსა. და ვითარცა ერი მრავალი, ძლიერნი განწყობილნი მბრძოლობად. და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.
6. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.
პირისაგან მისისა შეიმუსრნენ ერნი ყოველნი; პირი, ვითარცა უჭოჲ ქოთნისაჲ,
7. ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
ვითარ მბრძოლნი, ჰრბოდიან და ვითარცა მამაკაცნი მებრძოლნი, აღდგენ ზღუდეთა ზედა, და თითოეული გზასა თჳსსა ვიდოდენ და არა მისდრკენ ალაგთაგან მათთა.
8. ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან.
და თითოეული მოყუსისაგან თჳსისა არ განეყენოს. დამძიმებულნი საჭურველთა მიერ მათთა ვიდოდიან, და ისართა მიერ მათთა დაეცნენ და არა მოესრულნენ.
9. ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებშიჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით.
ქალაქი გამოიღონ და ზღუდეთა ზედა რბიოდიან. სახლებსა ზედა აღვიდენ და სარკუმელთა მიერ შევიდენ, ვითარცა მპარავნი.
10. მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი.
პირისაგან მათისა შეირყიოს ქუეყანაჲ და შეირყიოს ცაჲ: მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა არა მოსცენ ნათელი მათი.
11. უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე. რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა მისსა, რამეთუ მრავალ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ საქმენი სიტყუათა მისთანი მით, რამეთუ დიდ არს დღე უფლისაჲ, დიდ არს და მჩენ ფრიად და ვინ იყოს კმაჲ მისსა?
12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
და აწ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა.
13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
და დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს, სულგრძელ და მრავალწყალობა, და შემნანებელ ბოროტებათა ზედა.
14. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.
ვინ უწყის, მო-თუ-იქცეს და შეინანოს და მოიღოს შემდგომად მისსა კურთხევაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.
და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ მსახურება,
16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!
შეკრიბეთ ერი, წმიდა-ყავთ ეკლესიაჲ, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენით ჩჩჳლნი, მწოარნი ძუძუთანი. გამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თჳსისა.
17. ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?
საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდენ მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაჲთა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
18. გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
და შეიშურვა უფალმან ქუეყანა ერისა თჳსისა და ჰრიდა მას.
19. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
და მიუგო უფალმან და ჰრქუა ერსა თჳსსა: აჰა, მე გამოვავლენ თქუენდა იფქლსა, და ღვინოსა, და ზეთსა და განსძღეთ მათგან და არა მიგცნე თქუენ არღარა მერმე საყუედრელად წარმართთა შორის.
20. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
და ჩრდილოთ გამო წარვდევნო თქუენგან, და განვჰჴადო იგი ქუეყანად ურწყულად, და უჩინო-ვყო პირი მისი ზღუად მიმართ პირველად და უკანანი მისნი ზღუად მიმართ უკანასკნელად და აღვიდეს სიხენეშე მისი და აღვიდეს მყრალობა მისი, რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.
21. ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
მინდობილ-იყავ, ქუეყანაო, იხარებდ და იშუებდ, რამეთუ განგადიდა უფალმან ყოფად.
22. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
მინდობილ-იყვენით საცხოვარნი ველისანი, რამეთუ იმორჩეს ველთა უდაბნოსათა, რამეთუ ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსი. ვენაჴმან და ლეღუმან მოსცეს ძალი მისი.
23. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
და შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა წინასწარ.
24. აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა,
25. აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი.
26. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე.
27. მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
და სცნათ, ვითარმედ საშუალ ისრაჱლისა ვარ. და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. და არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა. და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე.