1. მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;
ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.
2. წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ;
შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,
3. მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
4. გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები;
ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.
5. შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.
6. ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;
რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
7. ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.
8. კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
9. გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
10. დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,
11. გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა;
მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
12. მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
13. გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი;
ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,
14. ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის;
ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
15. სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.
16. კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;
ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
17. მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;
და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.
18. ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;
და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
19. გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.
20. კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
21. ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.
22. არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.
23. განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.
24. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას.
25. კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.
27. კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;
კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.
28. ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;
იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
29. მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;
მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.
30. თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;
მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,
... და კიდევ 36 მუხლი