ბარუქი 4

1. განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ.
განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ.

2. მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი თავზე საუკუნო დიდების შარავანდი.
მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ,

3. რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას ცისქვეშეთში.
რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი,

4. რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი: მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა.
რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა.

5. აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი.
აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა.

6. რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი, მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე.
რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა, ვითარცა საყდარი მეფობისაჲ.

7. რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში;
რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა.

8. ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით;
ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა,

9. რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით.
რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა.