1. ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,
და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე,
2. მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე,
და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა.
3. ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე.
და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე.
4. უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.
5. მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ.
და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.
6. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.
და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე.
7. ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.
და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ.
8. იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები.
და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი.
9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.
და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
10. აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ,
11. ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის,
ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი,
12. იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.
ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა.