მეორე რჯული 28

1. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.
და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა შესლვად ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ, და იყოს, სმენით თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი დამარხვად და ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. და გყოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა ყოველთა მათ ნათესავთა ქუეყანისათა.

2. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას.
და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოონ შენ, ისმინო თუ შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისა,

3. კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!
კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა შენსა და ველთა შენთა.

4. კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!
კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.

5. კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი!
კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.

6. კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
კურთხეულ იყო შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა.

7. დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ; ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი მტერნი შენნი ჴელთა შენთა და ყოველნი მჴდომნი შენნი შეიმუსრნენ წინაშე პირსა შენსა. ერთსა გზასა ზედა მოგიჴდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა.

8. მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
და მოავლინოს უფალმან კურთხევაჲ შენ ზედა და საუნჯეთა შენთა და ყოველსა მას, რომელსაცა იქმოდის ჴელი შენი ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

9. დაგსვამს უფალი წმიდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე.
აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ერად წმიდად, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა, სმენით თუ ისმინო ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხვიდოდი გზათა მისთა.

10. დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი.
და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ სახელი უფლისა ღმრთისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და ეშინოდის შენდა.

11. გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში, შენი საქონლის ნაყოფში და შენი მიწის ნაყოფში იმ მიწაზე, რომელიც აღუთქვა შენს მამა-პაპას შენთვის მოსაცემად.
და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

12. გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.
და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.

13. თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღვს, რომ დაიცვა და შეასრულო.
და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.

14. არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
და არა გარდააქციო ყოველთა ამათ მცნებათაგან, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე მარჯულ, არცაღა მარცხლ, ვითარმცა შეუდეგ შენ კერპთა უცხოთა მსახურებად მათა. და იყოს,

15. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:
უკეთუ არა ისმინოთ თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა დამარხვად და ყოფად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ დაწყეულ.

16. წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად!
და იყო შენ ქალაქთა შენთა, დაწყეულ იყო შენ ველსა გარე.

17. წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი!
დაწყევნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი.

18. წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!
წყეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.

19. წყეულიმცა ხარ შესვლისას და წყეულიმცა ხარ გასვლისას!
წყეულ იყო შენ შესლვასა შენსა და გამოსლვასა შენსა.

20. მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე.
და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.

21. მოგაწებებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოსულხარ.
და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.

22. მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები.
და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.

23. სპილენძად გექცევა თავზე ცა და მიწა - რკინად შენს ფეხქვეშ.
და გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი. და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა, ვითარცა რკინაჲ.

24. მტვრად აქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე.
და გარდაიქციის უფალმან ღმერთმან შენმან წვიმაჲ იგი ქუეყანისა მის შენსაჲ მტუერად და ვითარცა მიწაჲ ცით გარდამო დამოცჳოდის, ვიდრემდის შეგმუსრო შენ და წარგწყმიდოს ქუეყანისა მისგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად.

25. დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძლევასა წინაშე მტერთა შენთა, ერთით გზით მიუდგე შენ მათ და შვიდით გზით მეოტად წარქცეული ივლტოდი მათგან და განგაბნიოს შენ უფალმან ყოველთა შორის შარავანდედებათა და ნათესავთა ქუეყანისათა.

26. შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება და არავინ იქნება მომგერიებელი.
და იყოს მძორები თქუენი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არავინ იყოს განმარინებელ თქუენდა.

27. მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა ეგჳპტელთაჲთა სენითა მით საგურკველისაჲთა და სიმღიერითა უცხოჲთა, და ფხანითა და სალმობითა, რომელსა ვერ განერე.

28. მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
და გგუემოს შენ უფალმან წყლულებითა განუკურნებელითა.

29. ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
და დაბრმობითა გონებისათა იყო შენ, ვითარცა ბრმაჲ შუასამხრის და ეფეშვებოდი, ვითარცა ეფეშვებინ ბრმაჲ ბნელსა შინა და არა წარგემართნენ გზანი შენნი. და იყო შენ ვნებულ და მიმოტაცებულ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა და არავინ იყოს შენდა შემწე.

30. ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
ცოლი მოიყვანო შენ და სხუამან მამაკაცმან შეირთოს იგი ცოლად, სახლსა იშენებდე და სხუათა დაიმკჳდრონ იგი, რქასა დაასხმიდე და სხუათა მოსთლონ იგი,

... და კიდევ 38 მუხლი