1. იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
მას დღესა შინა იყოს ყოველი ადგილი წყარო განღებულ სახლსა დავითისსა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა გარდასაძრველად და ცოდვილთათჳს დასაპკურებლად.
2. იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებოდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი საბაოთ, - მოვსპო სახელები კერპთაჲ ქუეყანისაგან და არღა მერმე იყოს ჴსენებაჲ მათი და ცრუწინაწარმეტყუელნი და სული არაწმიდაჲ აღვიღო ქუეყანისაგან.
3. თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო, და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.
და იყოს, უკეთუ იწინაწარმეტყუელოს კაცმან მერმე და თქუას მისსა მიმართ მამამან მისმან და დედამან მისმან: არ ცოცხალ იყო, რამეთუ ტყუილი ჰზრახე სახელითა უფლისაჲთა; და დააყენონ იგი მამამან მისმან და დედამან მისმან, მშობელთა მისთა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა.
4. იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად.
და იყოს მას დღესა შინა, სირცხჳლეულ იქმნენ წინაწარმეტყუელნი, თითოეული ხილვისაგან თჳსისა, წინაწარმეტყუელებასა შინა მისსა და შეიმოსონ ტყავი შავი ბალნისა ტყუილისა წილ.
5. იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი კაცი ვარ, რადგან ადამია ჩემთვის მაგალითი სიყრმიდანვე.
და თქუას: არა ვარ მე წინაწარმეტყუელი მით, რამეთუ კაცი ქუეყანისმოქმედი ვარ მე, რამეთუ კაცმან მშვა მე სიჭაბუკით ჩემითგან.
6. ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.
და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ არს წყლულნი ეგე საშუალ ჴელთა შენთა? და თქუა: რომლითა ვიწყალ სახლსა შორის საყუარელისა ჩემისასა.
7. მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
მახჳლი აღდგებინ მწყემსსა ზედა ჩემსა და მამაცსა ზედა მოქალაქესა მისსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი! და მივავლინო ჴელი ჩემი მწყემსთა ზედა.
8. მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ყოველსა შორის ქუეყანასა, ორნი ნაწილნი მის შორის მოისპნენ და მოაკლდენ, ხოლო მესამე დაშთეს მის შორის.
9. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება; მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩემი ღმერთი.
და განვავლო მესამედი ცეცხლისა მიერ და განვაჴურვნე იგინი, ვითარცა განჴურდების ვეცხლი, და გამოვცადნე იგინი, ვითარცა გამოიცდების ოქროჲ: ესრეთ უწოდდეს სახელსა ჩემსა და მე ვისმინო მისი და ვთქუა: ერი ჩემი არს ესე, და მან თქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.