გამოსვლა 12

1. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ჰრქუა:

2. თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
თთუე ესე იყავნ თქუენდა თავად თთუეთა, თთუე პირველი - თთუეთა მათ შინა წელიწადისათა. აწ მივედ შენ

3. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.
და ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლთასა: ათსა მის თთჳსასა მოიღედ თჳთეულად კრავი ერთი თესლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ.

4. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
უკუეთუ უმცირეს იყვნენ სახლსა მის და ვერ შემძლებელ იყუნენ კრავისა მის, შეიყონ მეზობელი და მოყუასი სახლად მსგავსად რიცხჳსა მის კაცთასა, მიიღედ თითოეულად, ვითარ ეყოფოდის კრავი იგი, განითუალონ კრავი.

5. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
ვერძი მოზუერი იყავნ სრულად თქუენდა, საცხოვარისა მისგან ცხოვართასა და თხათასა მოიღოთ.

6. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთჳსა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან მიმწუხრი.

7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას.
და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ.

8. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.
და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამესა მწუარი ცეცხლითა, და უფუველი პური და ველისყრდელი ჭამონ, ხოლო შეჭამონ კრავი იგი ესრე სახედ.

9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
ნუ უმწუარი ჭამონ, ნუცა წყლითა მგბარი ჭამონ, არამედ მწუარი ცეცხლითა ტფილად ჭამონ, და ადრე შეჭამონ თავფერჴი იგი, ნაწლევითურთ შეჭამონ.

10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
ნეშტსა ნუ სადა უტევებედ განთიად, ნუ განაწევებდ, ძუალსა ნუ განსტეხედ, რომელი ნეშტად დაშთეს განთიადმდე, მისგანი იგი ცეცხლითა შეწუედ.

11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
და ჭამდენ ესრე სახედ: კუერთხები ჴელთა, სარტყელი - წელთა, ჴამლი - ფერჴთა, მალიად-მალიად მსწრაფლ შეჭამონ, რამეთუ ზატიკი არს უფლისა.

12. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
და განვლო მე ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მას ღამესა და ვგუემო ყოველი პირმშოჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე და ზედა ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტელთასა აღვადგინო შური შურისძიებათა, რამეთუ მე ვარ უფალი.

13. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.

14. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული.
და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.

15. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.

16. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

17. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.

18. ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.
იწყეთ თქუენ ათოთხმეტითგან დღით მის თთჳსა პირველსათ, ჭამად უფუველისა მწუხირითგან ვიდრე დღედმდე მეოცედ მძღუარად თთჳსა მის მიმწუხრადმდე

19. შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი.
შჳდ დღე ნუ იპოებინ ცომი სახლებსა თქუენსა, ყოველმან, რომელმან ჭამოს ცომოვანი, მოისპოს იგი კაცი ერისა მისგან ძეთა ისრაჱლისათა გარეშე მოსრულთა მათ მწირთა და შიშუელთა ბუნაკთა მათ მონათაგან სოფლისა მის თქუენისათა რაჲთურთით.

20. საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.
მფუვესა ნუ ვინ ჭამნ ყოველთა შინა სამკჳდრებელთა თქუენთა, არამედ უფუველი ჭამეთ!

21. უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი.
მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: გუალეთ, მოიღეთ თქუენდა თჳთო კრავი ტომად-ტომადმან თქუენმან და დაკალთ იგი ზატიკად უფლისა!

22. აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში.
და მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა და აღნიშნეთ თქუენ ზედა წყირთლთა მათ ბჭეთასა და ზღურბლსა მას, ხოლო თქუენ ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე რომელსა ჟამსა

23. ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.
გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგჳპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოსა ბჭეთასა და თანა-წარჴდეს ბჭეთა მათ თქუენთა და არა აუფლოს მომსრველსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად პირმშოჲსა მის თქუენისა.

24. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ.
ეკრძალენით და დაიცევით სიტყუაჲ ესე წესად შჯულიერად თქუენდა და ნაშობთა თქუენთა მიუკუნისამდე!

25. როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.
უკუეთუ შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მოგცემს თქუენ უფალი, ვითარცა გიბრძანა, დაიმარხეთ სიტყუაჲ ესე.

26. თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
და იყოს, გკითხვიდენ თუ ძენი იგი თქუენნი: რაჲ არს მსახურებაჲ ესე?

27. ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
ჰრქუათ თქუენ: ესე მსხუერპლი შეწირვისა ზატიკისა უფლისა, რამეთუ დაიცვა სახლები ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, რაჟამს-იგი ჰგუემდა ეგჳპტელთა მათ გუემითა მით განუგებელითა და სახლები იგი ჩუენი განარინა. დადრკა ყოველი იგი ერი ძეთა ისრაჱლისათა პირსა ზედა თჳსსა და დამხედ თაყუანის სცეს.

28. წავიდნენ ისრაელიანები და აღასრულეს; როგორც უბრძანა უფალმა - მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს.
და სწრაფით წარვიდოდეს აღსრულებად ქუეყანისა მის ბრძანებულისა, რომელ-იგი ამცნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა.

29. შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჴდა უფალი ქუეყანასა მას, ეგჳპტელთასა მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგჳპტისა კაცითგან მიპირუტყუამდე პირმშოჲთგან ფარაოსით, რომელ-იგი ჯდა სასთულთა მათ საერკულოთა, მიპირმშოდმდე ტყჳსა მის, რომელი გამოეკრა ფქჳლთა მათ.

30. ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
აღდგა სწრაფით ფარაო ღამე და ყოველნივე იგი მთავარნი მისნი და ყოველი ერი ქუეყანისა მის ეგჳპტისაჲ. და იყო გოდებაჲ და ღაღადება დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგჳპტისასა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკუდარი.

... და კიდევ 21 მუხლი